კატეგორიები

რეგიონები

20$-ის ძვირად გაყიდვა, ანუ ბაზერმანის ეფექტი

AllOn.Ge Doe
ბლოგი

ყოველ წელს პროფესორი მაქს ბაზერმანი ყიდიდა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებზე ოცდოლარიან კუპიურას ნომინალურ ფასზე ძვირად. ამას იგი შემდეგნაირად ახერხებდა: ის აჩვენებდა 20$-იან კუპიურას მთელს აუდიტორიას და განაცხადებდა, რომ მისცემდა ამ კუპიურას იმას, ვინც ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებდა. ის აყენებდა მხოლოდ ერთ პირობას, ადამიანს, რომელიც გამარჯვებულის შემდეგ აღმოჩნდებოდა, უნდა მიეცა პროფესორისთვის ის თანხა, რომლის გადახდასაც აპირებდა ოცდოლარიანში.

მაგალითად, თუ ორი ყველაზე მაღალი ფსონი იქნებოდა 15$ და 16$, გამარჯვებული მიიღებდა 20$-იან კუპიურას 16$-ად, მეორეს კი უნდა მიეცა პროფესორისთვის 15$. აი, ასეთი პირობა იყო. ვაჭრობა იწყებოდა ერთი დოლარიდან და მალე აღწევდა 12$-16$. ამ დროს სტუდენტების უმრავლესობა ეთიშებოდა აუქციონს და რჩებოდა ორი ადამიანი, რომელთაც ყველაზე მაღალი ფსონი ჰქონდათ დადებული. ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიდიოდა აუქციონი 20$-მდე.

ნათელი ხდებოდა, რომ მოგება უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ წაგებაც არ იყო სასურველი, რადგან წაგებული არამც თუ მიიღებდა რამეს, პირიქით, იძულებული იქნებოდა პროფესორისათვის გადაეხადა საკუთარი უკანასკნელი ფსონის შესაბამისი ნომინალური თანხა.

როგორც კი აუქციონი 21$-ს გადასცდებოდა, აუდიტორია იწყებდა სიცილს. მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები თითქოს ძალიან ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ ისინი მზად იყვნენ ოცდოლარიან კუპიურაში გადაეხადათ ნომინალურ ღირებულებაზე მეტი თანხა. ნამდვილად სასაცილოა, თუმცა ზუსტად აღწერს ბევრ ამ ფაკულტეტდამთავრებულის საქციელს.

ამასობაში აუქციონი გრძელდებოდა და მალე აღწევდა ჯერ 50 დოლარს, შემდეგ 100-ს და ადიოდა 203$-მდეც (ეს უკანასკნელი არის ბაზერმანის რეკორდი, რომელიც მან დაამყარა საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე). სხვათა შორის, იგივე ფინტს პროფესორი უტარებდა ტრენინგებზე მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერებს. ის ყოველთვის ყიდიდა ოცდოლარიან კუპიურას ნომინალურ ფასზე ძვირად (მიღებული თანხები იხარჯებოდა ქველმოქმედებაში).

თავდაპირველად, ყველა სტუდენტს ეგონა, რომ მიიღებდა მუქთა ფულს. ისინი ხომ სულელები არ იყვნენ და არ გადაიხდიდნენ ოცდოლარიან კუპიურაში ოც დოლარზე მეტს. როგორც კი ვაჭრობა მიდიოდა 12$-16$-მდე მეორე ადამიანი ხვდებოდა, რომ მას სერიოზული დანაკარგი ემუქრებოდა და ამიტომ იწყებდა მეტის შეთავაზებას, ვიდრე სურდა, სანამ ვაჭრობა 21$-ს მიაღწევდა. ამ ეტაპზე ორივე მონაწილე დაკარგავდა ფულს, მხოლოდ ერთი დაკარგავდა ერთ დოლარს, მეორე კი ოცს. დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ორივე ცდილობდა გამარჯვებას, თუმცა ორივე ამ მარათონს უფრო მეტ დანაკარგამდე მიჰყავდა და ეს გრძელდებოდა იქამდე, სანამ დანაკარგი თანხა ისეთ ზღვარს არ მიაღწევდა, რომლის შემდეგ ორმოს უფრო ღრმად გათხრას აღარ ჰქონდა აზრი.

ამგვარად, მუქთა ოციანის მიღების სურვილი სრულდება დანაკარგით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებობს უამრავი მონაცემი, განსაკუთრებით საფონდო ბირჟაზე და კაზინოში, რომელიც გვიჩვენებს ბაზერმანის ფენომენს მოქმედებაში. როცა ადამიანი ფულის წაგებას იწყებს, იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს წაგება, იმედი უჩნდება, რომ მოიგებს და პრაქტიკულად, ყოველთვის აგებს უფრო და უფრო მეტ ფულს.