კატეგორიები

რეგიონები

რჩევები ბიზნესის დაწყების შესახებ

AllOn.Ge Doe
ბლოგი

სტივ ჯობსმა თქვა: „ადამიანები, რომლებიც იმდენად გიჟები არიან, რომ ფიქრობენ მსოფლიოს შეცვლაზე, არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც მართლაც ახერხებენ ამას.“

ასეთი ადამიანები არიან ბიზნესმენები, რომლებიც ახორციელებენ ბიზნეს საქმიანობას ინოვაციური მეთოდებით.

ყველას უნდა, რომ ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი, თუმცა მხოლოდ მცირე პროცენტი იღებს გადაწყვეტილებას ბიზნესის დაწყების შესახებ, ხოლო ახალი დაწყებული ბიზნესების 90% წარუმატებლობით მთავრდება და მალევე ქრება. რა არის ამის მიზეზი?

ამის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს: კონსერვატორული მიდგომა, სწორხაზოვნება და ა.შ., თუმცა ყველაზე უფრო ხშირად ბიზნესის წარუმატებლობის მიზეზი არის ცოდნის ნაკლებობა.

თუ თქვენ იწყებთ ან ახალი დაწყებული გაქვთ ბიზნესი, წინამდებარე სტატია სწორედ თქვენთვისაა. ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ თქვენ დაფიქრდებით ბევრ საკითხზე, თქვენი ბიზნეს წამოწყება უფრო ინფორმირებული იქნება.

1.ბიზნესი შესაძლოა ჩავარდეს.

სტატისტიკა გვეუბნება, რომ ახალი ბიზნესების დაახლოებით 90% მალევე წყვეტს არსებობას. ბიზნესების 50% -დაწყებიდან ხუთი წლის მანძილზე, ხოლო 75-90% – ათი წლის განმავლობაში.

თუმცა სტატისტიკა ნუ შეგაშინებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ბიზნესების 90% წარუმატებელია, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებულ 10%-ში ვერ მოხვდება.

ჭეშმარიტი ბიზნესმენები იბადებიან იმისთვის, რომ იფიქრონ განსხვავებულად, იმოქმედონ განსხვავებულად და იცხოვრონ განსხვავებულად.

სტარტაპების მასაში, თქვენი სტარტაპი შეიძლება გამოეყოს, განვითარდეს და გახდეს წარმატბეული, ეს მხოლოდ თქვენზე და თქვენს უნარებზეა დამოკიდებული.

2. გეყოლებათ კონკურენტები.

თქვენ არ იქნებით ერთადერთი თევზი ზღვაში, მზად უნდა იყოთ კონკურენტებთან ბრძოლისთვის. მათ თქვენ შესაძლოა რაღაცაში გაჯობონ კიდეც, მათი მარკეტინგი შესაძლოა მომხიბვლელი იყოს, კაპიტალი დიდი, ცოდნა და გამოცდილება კი აღმატებული.

ამიტომაც, მზად იყავით კონკურენციისთვის, პატარა წარუმატებლობებისთვისაც, თუმცა არ შეშინდეთ, იყავით ჯიუტი და ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ დასრულდება.

გარდა ამისა, კონკურენციის გარეშე, თქვენ შესაძლოა მოეშვათ და არ განვითარდეთ. ამიტომაც კონკურენციას მეტი ბენეფიტი მოაქვს, ვიდრე მინუსი. თუ მას სწორედ გამოიყენებთ, იგი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი გახდება თქვენ მომავალი წარმატებაში.

3. მოგიწევთ იმაზე მეტის სწავლა, ვიდრე ახლა იცით.

ნიჭი და პროფესიონალიზმი არ არის ბიზნესში წარმატების გარანტია. ბიზნესი უფრო მაშტაბური პროცესია, ვიდრე უბრალოდ კონკრეტული სამუშაოს განხორციელება. იგი საჭიროებს მაშტაბურ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბუღალტერია, სამართალი, მარკეტინგი, გაყიდვები, ტექნოლოგიები და სხვა.

მართალია თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ კადრები ამ მიმართულებით, თუმცა ყველა მიმართულებით კადრის აყვანას ვერ შეძლებთ, განსაკუთრებით ბიზნესის დაწყებისას, როდესაც ფინანსური რესურსები შეზღუდულია.

გარდა ამისა, კადრის აყვანის მიუხედავად, გარკვეული ცოდნა მაინც აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოტყუვდებით, დაუშვებთ შეცდომას, ვერ გააკონტროლებთ და შეაფასებთ დაქირავებულთა საქმიანობას.

4. მოგიწევთ ხარჯების გაღება.

ბიზნესი განვითარებისთვის ხშირ შემთხვევაში საჭიროებს საწყის კაპიტალს და კარგ ფინანსურ დაგეგმარებას.

მზად უნდა იყოთ, ისეთი ხარჯებისათვის, როგორიცაა ბუღალტრის ანაზღაურება, სამართლებრივი ხარჯები, ვებ-გვერდის და მარკეტინგის ღირებულება, ოფისის ხარჯები, დასაქმებულთა ხელფასები და სხვა ხარჯები. ხარჯების ოდენობა გაიზრდება იმის პროპორციულად, თუ როგორ განვითარდება კომპანია.

თქვენ მზად უნდა იყოთ ფულის ეფექტურად ხარჯვისა და ფულადი ტრანზაქციების სრული კონტროლისათვის.

5. უეცრად ვერ გამდიდრდებით.

ბიზნესმენი ასოცირდება მდიდარ ადამიანთან, რომელსაც ჰყავს ძვირფასი მანქანა და ოქროს საათი, თუმცა რეალობა სხვაგვარია. შესაძლოა საბოლოო ჯამში გამდიდრდეთ, თუმცა სიმდიდრე მოდის იმ მძიმე და გრძელი გზის გავლის შემდეგ, რასაც ბიზნესის შექმნა ჰქვია.

სიმდიდრე შესაძლოა იყოს თქვენი მომავალი, თუმცა ამ შედეგამდე გრძელი და ეკლიანი გზა გექნებათ გასავლელი.

ამავდროულად გახსოვდეთ, რომ გამდიდრებაზე ბევრად უფრო ძნელია, სიმდიდრის შენარჩუნება.

იხ. როქფელერის გამონათქვამები სიმდიდრეზე

6. მოგიწევთ დაემორჩილოთ კანონმდებლობას.

ყველა ქვეყანაში ბიზნესის კეთება რეგულირებულია შესაბამისი კანონმდებლობით, რომელსაც უნდა დაემორჩილოთ. მათ შორის მნიშვნელოვანია კომპანიის რეგისტრაციის, ლიცენზიის აღების, საგადასახადო სამართლებრივი, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა სამართლებრივ საკითხებში გათვიცნობიერება.

ამ საკითხებში დროულად გარკვევა, თავიდან აგარიდებთ სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს მომავალში.

ძალიან ბევრი ბიზნესის წარუმატებლობა სწორედ სამართლებრივი და ფინანსური მხარის მოუწესრიგებლობის შედეგია.

7.ბიზნესი და მეგობრები.

დოსტოევსკი წერს: „მეგობრები ყველაფერს გაპატიებენ, წარმატების გარდა“

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არ ელოდოთ მხარდაჭერას მეგობრებისგან, რადგან ხშირ შემთხვევაში, მეგობრები თქვენი ბიზნესის კეთებაში მხარეს არ დაგიჭერენ, თუ რა თქმა უნდა, ისინი თქვენთან ერთად არ აკეთებენ ბიზნეს.

ისინი ბევრ არგუმენტს მოიყვანენ, თუ რამდენად უტოპიურია თქვენი წამოწყება, ან შესაძლოა მათ სიტყვიერად მხარი დაგიჭირონ, მაგრამ რეალურად სხვა რამეს ფიქრობდნენ.

ისინი აუცილებლად შეიცვლიან პოზიციას, როდესაც თქვენი ბიზნესი ფეხზე დადგება.

იხ. სტატია მეგობრის სამსახურში აყვანის რისკების შესახებ

8.გარანტირებული მომხმარებელი არ გეყოლებათ.

მნიშვნელობა არ აქვს, როგორი მაგარი პროდუქტი გაქვთ, ინოვაციური იდეა ან რევოლუციური ტექნოლოგია, მომხმარებელი ავტომატურად არ გამოჩნდება და არ დაიწყებს თქვენი პროდუქტით დაინტერესებას.

იმისათვის, რომ მოიზიდოთ კლიენტი, გჭირდებათ მარკეტინგი, მათ შორის ყველაზე ეფექტურია ინტერნეტ მარკეტინგ, კონრენტ მარკეტინგი და სხვა ტიპის თანამედროვე მიდგომები მარკეტინში, რაც მცირე დანახარჯებით, საკმაოდ კარგი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. გახსოვდეთ, რომ თუ არ გექნებათ წარმატებული მარკეტინგი, არ გექნებათ წარმატებული ბიზნესიც.

9.შესაძლოა მოგინდეთ ბიზნესის მიტოვება.

რაღაც მომენტში, გარკველ ვითარებებში, შესაძლოა დაიწყოთ ფიქრი ბიზნესის მიტოვებაზე.

წარმოთქვათ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „აღარ შემიძლია“ „ძალიან ძნელია“ „ძალიან ძალიან ძალიან ძნელია“ და ა.შ.

თქვენ მზად უნდა იყოთ მსგავსი სიტუაციებისთვის ფსიქოლოგიურად. ასეთი სიტუაციები აუცილებლად გექნებათ, ამიტომაც მოიფიქრეთ წინასწარი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაიაროთ ეს რთული დღეები და რისი მიღწევა გსურთ ამით. ბიზნესი არა არის ყველასთვის, იგი დამღლელია, თუმცა მას თან ახლავს ისეთი ბენეფიტები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენ ცხოვრება ბევრი პოზიტივით აავსოს.

ბოლოსიტყვაობა

ყველაფერი ზემოთ თქმულმა არ უნდა გაგიჩინოთ ეჭვები, ბიზნესის დაწყების შესახებ, პირიქით, თქვენ უკვე გაქვთ მეტი ცოდნა, ვიდრე გქონდათ ამ სტატიის წაკითხვამდე, რაც დაგეხმარებით შექმნათ ბიზნესი, გახდეთ თქვენ თავის უფროსი, მოახდინოთ თქვენი თავის მაქსიმალური რეალიზაცია. დაიწყეთ ფულის კეთება დღეს.

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი ძალისხმევისა და რისკების აღების შედეგად შეძლებთ ამის გაკეთებას.

იმათ კი ვინც უკვე ფლობთ წარმატებულ ბიზნესს, დაფიქრდით, როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რამდენად გქონდათ შეხება ამ სტატიაში აღწერილ პრობლემულ საკითხებთან. რაიმე დამატებით რჩევას ხომ არ მისცემდით მკითხველებს?

ტეგები: